Sony-მ და Microsoft-მა ახალი თაობის კონსოლები წარმოადგინეს

310 ნახვები

როგორც იცით, ვიდეო თამაშების სამყაროში, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბრები რომ, კომპანიები Sony და Microsoft უკვე აქტიურად მუშაობენ საკუთარი ახალი თაობის კონსოლური პლატფორმების შექმნაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ ანალიტიკოსები და იუწყებიან რომ, კომპანიებმა ვიდეო თამაშების მწარმოებელ სტუდიებს უკვე წარუდგინეს ახალი თაობის კონსოლები.

როგორც ირკვევა Sony და Microsoft უკვე დიდი ხანია მუშაობენ ახალი თაობის სათამაშო კონსოლებზე და ამ დროისათვის აღნიშნულ კომპანიებს უკვე გააჩნიათ სრულად ფუნქციონალური ახალი თაობის კონსოლური პლატფორმების პროტოტიპები, PS5 და Xbox Scarlett. ჯერ-ჯერობით კვლავაც უცნობი რჩება თუ როგორ გამოიყურებიან და რა ტექნიკური მახასიათებლები გააჩნიათ აღნიშნულ კონსოლებს თუმცა, Digital Foundry-ის წარმომადგენლები გვპირდებიან რომ, უახლოეს მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გაგვიმხელენ.

ასევე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ერთ-ერთი სანდო წყარო, ანალიტიკოსი დენიელ აჰმადი (Daniel Ahmad) რომელიც იუწყება რომ, იაპონური Sony უკვე დიდი ყურადღებით მუშაობს ახალი თაობის კონსოლის PS5-ის მიმართულებით და სტუდიები რომლებიც Sony-ის ექსკლუზიურ თამაშებზე მუშაობენ უკვე აქტიურად მუშაობენ ახალ პლატფორმასთან. ანალიტიკოსის თქმით რამოდენიმე თამაში რომელთა გამოსვლაც დაგეგმილია PS4 პლატფორმაზე შესაძლოა ასევე გადატანილი იქნას PS5 პლატფორმაზე.

როგორც ანალიტიკოსები  იუწყებიან ახალი თაობის კონსოლები 2020 წლიდან გამოჩნდება სამომხმარებლო ბაზარზე. შეგახსენებთ რომ, ამ დროისათვის არსებული უკანასკნელი თაობის კონსოლები PS4 და Xbox One 2013 წელს გამოჩნდა ბაზარზე ხოლო, 2016 წელს კი, განახლებული და უფრო მძლავრი კონსოლები PS4 Pro, და Xbox One X გამოვიდა გაყიდვაში.