გამოქვეყნდა Mortal Kombat 11-ის ახალი კადრები და სხვა დეტალები

167 ნახვები

რამოდენიმე საათის წინ, კომპანია NetherRealm Studios-მა ლოს-აჯელესში გამართა სპეციალური ღონისძიება, რომელიც მიუძღვნა ლეგენდარული საბრძოლო ჟანრის თამაშის Mortal Kombat-ის ახალ მეთერთმეტე სერიას და ბევრი საინტერესო კადრიც გვიჩვენა, სადაც ვიხილეთ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი პერსონაჟების სისხლიანი შერკინების კადრები, ახალი მომაკვდინებელი საბრძოლო ილეთები და Mortal Kombat-ის საფირმო fatality-ების ახალი ვერსიებიც.

ახალ კადრებზე ვიხილეთ ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიცაა საბ-ზერო, რეიდენი, სკორპიონი, სონია ბლეიდი, კუნგ ლაო, ლიუ კენგი, სკარლეტი და ბარაკა. აღნიშნულ ცნობილ გმირებთან ერთად შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს სრულიად ახალი პერსონაჟი, სახელად გერასი (Geras), რომელსაც გააჩნია დროის შეჩერების უნარი და კარგად ფლობს ქვიშის მართვის ტექნიკას. თამაშში ახალ გმირებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ახალი სისხლიანი საბრძოლო არენებიც.

MK11-ის მოვლენები ვითარდება MK10-ის დასრულების შემდეგ. ახალ თამაშში შესაძლებელი იქნება დროში მოგზაურობაც, რისი დახმარებითაც თამაშის ზოგიერთი გმირი საკუთარ ახალგაზრდა და მოხუცებულ ვერსიასაც შეხვდება. თამაშს ექნება ტრადიციული სიუჟეტური ხაზი. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება თითოეული გმირის საბრძოლო უნარების ინდივიდუალურად მართვის შესაძლებლობა. MK11-ის გამოსვლის დღეს თამაშში ხელმისაწვდომი იქნება 26 პერსონაჟი, ხოლო მომავალში თამაში მიიღებს დამატებას (DLC), რომელიც თამაშს ახალ პერსონაჟებს შეჰმატებს. თამაშის წინასწარი მყიდველები კი საჩუქრად შაო ხანს მიიღებენ.

თამაში, Mortal Kombat 11 გამოდის 2019 წლის 23 აპრილს, PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმებზე. რაც შეეხება თამაშის დახურულ ტესტირებას, იგი 28 მარტს გაიმართება და ხელმისაწვდომი იქნება თამაშის წინასწარი მყიდველებისათვის, თუმცა მხოლოდ PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე. თამაში ასევე მიიღებს სპეციალურ გამოშვებას, რომლის ფასიც 300 $ იქნება და მასში ხელმისაწვდომი იქნება სკორპიონის სრულმასშტაბიანი ნიღაბი.