Sony-ის ექსკლუზივის, Days Gone-ის გამოსვლის თარიღი გადაიდო

28 ნახვები

როგორც იცით, კომპანია Sony-ი საკუთარი ახალი ექსკლუზივის, პოსტ-აპოკალიფსური ჟანრის თამაშ Days Gone-ის გამოსვლას მომავალი წლის 22 თებერვლისათვის გეგმავდა, იმავე პერიოდში, როდესაც ცნობილი პროექტები Anthem და Metro: Exodus გამოდიან. ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება და თამაშის გამოსვლის თარიღი 2 თვით გადაწია.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მოქმედება გამოწვეული იქნა იმ მდგომარეობიდან, რომ ძველი გეგმით მიმდინარე დროის მონაკვეთი საკმაოდ ხმაურიანი გახლავთ და სწორედ ამიტომ ზომბი აპოკალიფსის ჟანრის თამაში ახალი ვადით 2019 წლის 26 აპრილს გამოვა, რა თქმა უნდა ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე.

როგორც იცით, თამაშის მოვლენები გლობალური პანდემიის გავრცელებიდან 2 წლის შემდეგ ვითარდება. დაავადებამ თითქმის სრულად გაანადგურა ადამიანური სიცოცხლე და სამყარო მონსტრების სათარეშო ადგილად აქცია. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა ბაიკერი დიკონი, ყოფილი კანონდამრღვევი. თამაშის ღია სამყაროში თქვენ შეხვდებით, როგორც ზომბებს, ასევე განსხვავებული მრწამსის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თქვენს მიმართ ბოროტად არიან განწყობილნი. როგორც შემქმნელები გვპირდებიან თამაშში მოთამაშის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებენ.