Microsoft ახალი თაობის კონსოლის ორ ვერსიაზე Xbox Scarlett-სა და Xbox Scarlett Cloud-ზე მუშაობს

46 ნახვები

როგორც იცით ივნისის თვეში გამართულ Е3 2018-ის ღონისძიებაზე Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა დაადასტურა, რომ კომპანია მუშაობს ახალი თაობის სათამაშო კონსოლზე. აღნიშნული ინფორმაციიდან ცოტა ხნის შემდეგ პორტალმა Thurrott გაავრცელა ინფორმაცია, რომ Microsoft-ის ახალი კონსოლის საპროექტო დასახელება გახლავთ Scarlett და მის გაყიდვაში გაშვებას კომპანია 2020 წლიდან გეგმავს.

აღნიშნულმა პორტალმა კვლავაც გაგვიმხილა ახალი დეტალები Xbox-ის მომავალი თაობის კონსოლის შესახებ. როგორც პორტალი იუწყება კომპანია ახალი თაობის კონსოლის ორ ვერსიას წარმოგვიდგენს – სტანდარტულ Xbox Scarlett-სა და სტრიმინგული ვერსიის Xbox Scarlett Cloud-ს. სტანდარტული Xbox Scarlett-ის ფასი 400-დან 500 დოლარამდე იქნება. რაც შეეხება მეორე კონსოლს, მისი დასახელებიდანაც ადვილი მისახვედრია რას შესთავაზებს იგი მოთამაშეებს. როგორც პორტალი იუწყება Scarlett Cloud გათვლილი იქნება სტრიმინგული სერვისისთვის. თამაშების მხრივ ორივე ვერსიას აბსოლუტურად იდენტური იქნება.

პორტალის ჟურნალისტის თქმით შემქმნელებმა შეძლეს და მოაგვარეს მოთამაშის მიერ ბრძანებების შეყვანასა და გამოსახულების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები სტრიმინგულ სათამაშო სერვისთან დაკავშირებით. შემქმნელებს კი თამაშებზე რომლებიც განკუთვნილი იქნება Scarlett Cloud-ის ვერსიისათვის მოუწევთ თამაშში გარკვეული დეტალების ცვლილება, რადგან ზოგიერთ ოპერაციებს კვლავაც კონსოლი შეასრულებს (გამოსახულების დამუშავება/ბრძანებების შეყვანა) ხოლო თამაშის რთულ გრაფიკულ ოპერაციას სერვერები უზრუნველყოფენ.

Thurrott-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ Microsoft-ს შეუძლია გახდეს პირველი კომპანია, რომელიც წარმატებით დანერგავს სტრიმინგულ სათამაშო სერვისს, რადგან მას მონაცემთა ცენტრები მთელი მსოფლიოს მაშტაბით აქვს განლაგებული რაც მის კონკურენტ კომპანია Sony-ზე რამოდენიმე ნაბიჯით წინ აყენებს.