Fallout 76-ში დაბალი დონის მქონე მოთამაშეების მკვლელობა შეუძლებელი იქნება

54 ნახვები

მას შემდეგ რაც Fallout 76 დაანონსდა და ცნობილი გახდა მისი ჟანრობრივი მიმართულება, ბევრმა მოთამაშემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ თამაშში ახალ მოთამაშეებს უკვე გამოცდილი და მაღალ დონეზე მყოფი მოთამაშეები არ მისცემენ თამაშის სამყაროში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

ამასთან დაკავშირებით შემქმნელებმა მოთამაშეები დაამშვიდეს და განაცხადეს, რომ მაღალი დონის მქონე მოთამაშეებს არ ექნება მეხუთე დონეზე დაბლა მყოფი მოთამაშეების მოკვლის საშუალება. შემქმნელების თქმით თამაშის რუკაზე მოთამაშეების ისეთი რაოდენობა იქნება, რომ მათთან შეხვედრა იშვიათობა იქნება. მოთამაშეს არ ექნება ერთი მოთამაშის რამოდენიმეჯერ მოკვლის საშუალება, მაგრამ დამარცხებული რევანშის საშუალებით ისარგებლებს, თუმცა ერთჯერადად. Bethesda Game Studios-ის ხელმძღვანელმა ტოდ ჰოვარდმა აღნიშნა, რომ თამაშის გამოსვლამდე დაცვის სისტემამ შესაძლოა ცვლილებები მიიღოს.

შემქმნელების თქმით თამაშში ასევე იქნება სწრაფი გადაადგილების საშუალება და ის თამაშის წინა სერიებისაგან  დიდად განხვავებული არ იქნება, თუმცა დეტალების გამხელისაგან შემქმნელები თავს იკავებენ.

თამაშის მოქმედებები ვითარდება თავშესაფარში 76 (shelter 76), რომელიც მდებარეობს ამერიკის შტატის ვირჯინიის დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონთან ახლოს. მოქმედებები ხდება რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ატომური ომის დაწყებიდან და პირველ Fallout-ამდე 59 წლით ადრე. აღნიშნულ თავშესაფარში ცხოვრობს 500 გადარჩენილი ადამიანი, რომლებიც 20 წლის გასვლის შემდეგ უნდა გავიდნენ განადგურებულ სამყაროში. თავშესაფარი 76 გახლავთ ერთ-ერთი იმ 17 თავშესაფრიდან, სადაც არ ჩატარებულა ექსპერიმენტები მაცხოვრებლებზე.

თამაში იქნება ორიენტირებული მრავალმომხმარებლურ რეჟიმზე და საჭიროებს მუდმივ კავშირს ინტერნეტთან. თამაშის გავლა ასევე შესაძლებელია ერთი მოთამაშით, თუმცა ეს გაცილებით რთული იქნება, ვიდრე მეგობრების დახმარებით.

თამაშში იქნება 6 სრულიად დამოუკიდებელი რეგიონი, რომლებიც განსხვავებულნი არიან, როგორც არქიტექტურით, ასევე მონსტრებითა და დამატებითი დავალებებით. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება მშენებლობა. მოთამაშეს რუკის ნებისმიერ ადგილას შეეძლება დასახლების გაშენება. თამაშში ასევე იქნება ატომური რაკეტების გასაშვები ადგილები, მათზე კონტროლის მოსაპოვებლად კი თქვენ მოგიწევთ გამშვები კოდის მოძიება.

თამაში გამოდის 2018 წლის 14 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.