შემქმნელებმა E3 2018-ის ფარგლებში Days Gone-ის სათამაშო პროცესის ვიდეო გვიჩვენეს

15 ნახვები

როგორც იცით Sony-ის E3 2018-ის პრესკონფერენციამ პოსტაპოკალიფსური ჟანრის თამაშის Days Gone-ის გარეშე ჩაიარა, თუმცა კომპანიამ თამაშის 10 წუთიანი სათამაშო პროცესის ვიდეო PlayStation Live-ის პანელზე გვიჩვენა, რომელსაც თან ახლდა შემქმნელების კომენტარები.

კადრებზე ნაჩვენებია თამაშის მთავარი გმირი დიკონი და მისის მეგობარი ბუზერი, რომლებიც მოტოციკლის სათადარიგო ნაწილის ძიებისას პატარა დასახლებას მიადგებიან. დასახლება კი რა თქმა უნდა დაავადებული ადამიანებითაა დასახლებული.

თამაშის მოვლენები ვითარდება გლობალური პანდემიის გავრცელებიდან 2 წლის შემდეგ. დაავადებამ თითქმის სრულად გაანადგურა ადამიანური სიცოცხლე და სამყარო მონსტრების სათარეშო ადგილად აქცია. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა ბაიკერი დიკონი, ყოფილი კანონდამრღვევი. თამაშის ღია სამყაროში თქვენ შეხვდებით, როგორც ზომბებს, ასევე განსხვავებული მრწამსის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თქვენს მიმართ ბოროტად არიან განწყობილნი. როგორც შემქმნელები გვპირდებიან თამაშში მოთამაშის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებენ. თამაშის გასავლელად მოთამაშეებს მოუწევთ 30 საათამდე სათამაშო პროცესის გავლა.

თამაში გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე.