Digital Dragons: ინტერვიუ The Witcher 3: Wild Hunt-ის კომპოზიტორთან – მიკოლაი სტროინსკისთან

Digital Dragons: ინტერვიუ The Witcher 3: Wild Hunt-ის კომპოზიტორთან – მიკოლაი სტროინსკისთან

124 ნახვები

ჩვენი პოლონური ვოიაჟის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა იყო The Witcher 3: Wild Hunt, Sniper : Ghost Warrior 3, Vanishing of Ethan Carter და სხვა თამაშების კომპოზიტორთან, უამრავი სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელთან მიკოლაი სტროინსკისთან. ჩვენ რათქმაუნდა შანსი არ გავუშვით ხელიდან და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით:

-გამარჯობა, მიკოლაი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა

-გამარჯობა. ასევე ძალიან სასიამოვნოა, თორნიკე.

-ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული საზოგადოება გავიდა საერთაშორისო შეხვედრებზე. ჩვენ არ გვინდოდა დაგვეკარგა ეს შესაძლებლობა, რომ ცნობილი თამაშების შემქმნელები გვენახა და ეს თამაშები გაგვერჩია ან, სულაც, მომავალ პროექტებზე გვესაუბრა. ასე რომ, პირველი კითხვა, რაც გვინდოდა დაგვესვა, არის: როგორი იყო მხედვრის თამაშებზე მუშაობა და რა გამოცდილება მიიღეთ?

-მადლობა ასეთი კარგი კითხვისთვის. მხედვარზე მუშაობა, რეალურად, ოცნების ასრულება იყო. მე გავიზარდე მხედვრის კითხვით და პირველი თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ დიდი სიამოვნებით გავაფორმებდი ამ თამაშებს მუსიკალურად. სამწუხაროდ, იმ დროს თამაში პოლონეთში გამოვიდა და მე ლოს ანჯელესში ვიმყოფებოდი. როდესაც მეორე გამოვიდა, სამწუხაროდ, მაშინაც ვერ შევძელი და აი, როდესაც მესამე გამოვიდა, ეგრევე წარვადგინე ჩემი კანდიდატურა, გავაგზავნე დემო და გავიმარჯვე კონკურსში, რამაც ძალიან გამახარა და ამით ყოველთვის ვიამაყებ.

თამაშზე მუშაობა იყო შესანიშნავი, რადგან მე თავიდანვე პერსონაჟებით და სიუჟეტით დაინტრიგებული და მათზე მიჯაჭვული ვიყავი, ამიტომ მუსიკა, რომელიც დავწერე, შედარებით მარტივი იყო. არასწორად არ გამიგოთ, ბევრი მუშაობა მომიწია, რადგან იმისათვის, რომ მუსიკა დამაჯერებელი იყოს, რაღაც კონკრეტული დრო უნდა იმუშავო მასზე. მაგრამ მთელი ეს პერიოდი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. მე მარჩინთან ერთად ვმუშაობდი, რომელსაც ალბათ თქვენ უკვე ჩამოართვით ინტერვიუ. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი იყო მასთან თანამშრომლობა და ერთად მუშაობა, ალბათ, იმაზე ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე – ორივეს ცალ-ცალკე გვემუშავა და საბოლოოდ, სხვა შედეგსაც გამოიღებდა.

ბლად ენდ ვაინის ექსპანსიაზე მუშაობაც ძალიან სასიამოვნო და კარგი იყო და შემდეგ გვენტზე გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.

-რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ მუსიკალური გაფორმების ან ჩაწერის დროს? თუ, პირიქით, თავიდან ბოლომდე უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა?

-როგორც უკვე ვთქვი, არანაირი დაბრკოლება არ მქონია. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ მომენტს, როდესაც გამიჭირდა, ან როდესაც დავისტრესე. ვიდეო თამაშებში, ტელევიზიისგან და ფილმებისგან განსხვავებით, კომპოზიტორს უფრო მეტი დრო აქვს მუშაობისთვის. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ტელევიზიისთვის თუ აფორმებ, დრო გუშინდელამდე გაქვს, ფილმისთვის ერთი ან ორი თვე გაქვს, ხოლო თამაშებისთვის კი – წლები, რაც შესაძლებლობას გაძლევს, რომ მუსიკა გააუმჯობესო. ასე რომ, არავითარ პრობლემას არ შევჭიდებივარ. პერსივალთან თანამშრომლობაც, რომელიც თავის უნიკალურ მაგიას გვაწოდებდა, ასევე ძალიან შესანიშნავი იყო. ისინი ძალიან ნიჭიერნი არიან.

-მარჩინი მოგვიყვა იმ უცნაურ ინსტრუმენტებზე, რომელსაც პერსივალი იყენებდა.

-კი, მათ, ნამდვილად, ბევრი, ძალიან უცნაური ინსტრუმენტი ჰქონდათ.

-დიდი, შვიდსიმიანი ინსტრუმენტი, რომელსაც, ჩვეულებრივ, 3 სიმი აქვს ხოლმე.

-დიახ, დიახ, მგონი გუსლი ერქვა. ხო, მათ ძალიან ბევრი უცნაური ინსტრუმენტები ჰქონდათ, რომლებიც ასეთივე ხმებს გამოსცემდნენ, მაგრამ საუნდტრეკს ძალზედ უნიკალური მელოდია მისცეს.

-მოდით, ახლა მხედვრის გარეთა, სხვა პროექტებზე ვისაუბროთ. როგორც ვიცი, სნაიპერ 3-ზე გაქვთ ნამუშევარი.

-დიახ, თანაც სიუჟეტი საქართველოში ვითარდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხს მოეწონა მუსიკა და საკმაოდ მეშინია კიდეც ამაზე პასუხის გაგება. მე ქართველი არ ვარ, პოლონელი ვარ, რომელიც კენიაში დაიბადა და ამერიკაში ცხოვრობს, ამიტომ შორეული კულტურაა ჩემთვის, მაგრამ ძალიან ვაფასებ. თან ჩემი მეუღლის საუკეთესო მეგობარიც ქართველია. სხვა პროექტებს რაც შეეხება, მე ვიწყებ ნეტფლიქსის პროექტზე მუშაობას, რომელიც ანიმაციურია და ამ პროექტით ძალიან დაინტრიგებული ვარ. ძალიან მიყვარს ანიმაციები, თითქოს ბავშობის ამ ასპექტში ჩავრჩი და შესაბამისად, ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტის მუსიკალური გაფორმება. კიდევ სხვა პროექტებს რაც შეეხება, ასევე დოკუმენტური ფილმი – ზღვრის იქით გავაფორმე მუსიკალურად, რომელიც ძალიან კარგად მიიღო აუდიტორიამ. სიუჟეტი რუს ტანმოვარჯიშეზეა და მე ყველას ვურჩევ, რომ ნახონ ის, რადგან იგი ძალიან მაღალი ხარისხის ფილმია.

მალე საინტერესო AAA პროექტზე ვიწყებ მუშაობას, რომელზე საუბარიც ამ დროისთვის, სამწუხაროდ, არ შემიძლია. წლის ბოლოს კიდევ ერთ AAA თამაშზე მომიწევს მუშაობა და ასე 6-7 ინდი თამაშზე, რომელიც ძალიან სახალისო იქნება. მთავარი განსხვავება ამ ორს შორის ის არის, რომ კი, ინდი თამაშები ბევრს ვერ გიხდიან, მაგრამ ბევრად უფრო თავისუფალი ხარ, როგორც არტისტი, რაც ძალიან დამაკმაყოფილებელია.

-ცოტა თემატიკას გადავუხვიოთ. საქართველოში არასდროს არ ხარ ნამყოფი, ხომ?

-არა, მაგრამ შეიძლება მალე გესტუმროთ.

-Tbilisi Digital Expo-ზე თუ გსმენიათ რამე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ აქ მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე? იმედია, შემდეგში რომ ჩავატარებთ, გვექნება თქვენი მოწვევის შესაძლებლობა და გვესტუმრებით.

-როდის იქნება ეს? როგორც ვიცი, ჩემი მეგობარი დეველოპერები იყვნენ მანდ და დიახ, დიდი სიამოვნებით გეწვეოდით, თუ თქვენ დამრთავთ ნებას, რა თქმა უნდა.

-ჩვენ შესანიშნავი კომპოზიტორები გვყავს საქართველოში და მათ უმეტესობას თქვენი ნახვა და თქვენთან გასაუბრება ძალიან ენდომებათ.

-მე მიყვარს გაზიარება, ამიტომ რაც მაქვს, იქნება ეს თვითონ მუსიკა, ან ცოდნა თუ გამოცდილება, დიდი სიამოვნებით გავუზიარებდი ქართველ კომპოზიტორებს.

-დავუბრუნდეთ თემატიკას. მინდა გკითხოთ თქვენს ინსპირაციებზე, როდესაც დაიწყეთ პროფესიონალურად მუსიკალური გაფორმებები.

-ჩემი თავდაპირველი ინსპირაცია იყო, როდესაც მუშაობა დავიწყე. ვიყავი გოუსთ რაითერი და დავწერე ათასობით ტრეკი ამერიკული ტელევიზიებისთვის და სამწუხაროდ, არ მქონდა დროც, რომ რაიმისგან ამეღო ინსპირაცია, გარდა დროებითი ტრეკების სმენისა. ამიტომ, ასე რომ ვთქვათ, ეს იყო ჩემი ინსპირაცია. არ შემეძლო გასეირნება და ფიქრი იმაზე, თუ რას გავაკეთებდი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა არტისტებისთვის არ მომისმენია, მაგრამ არამგონია ქვეცნობიერად ამეღო რომელიმე მათგანისგან ინსპირაცია. მე ვცდილობ ხშირად ვუსმინო მუსიკას და რა თმქა უნდა, ქვეცნობიერ დონეზე რაღაც-რაღაცები ილექება ჩემში და ეს მუსიკა შეიძლება ყველაფერი იყოს: კლასიკურით დაწყებული, პროგრესიული როკით დამთავრებული. ძალიან მიყვარს პროგრესიული როკი, კონკრეტულად, სტივენ ველსონი, რომელიც ალბათ ჩემი ცნობიერი ინსპირაციაც კი არის. ასევე არვო პარტი, ფილიპ გლესი და არ შეიძლება არ ვახსენო ჰანს ზიმერი, რომლის მუსიკაც ძალიან ძლიერია, რთულია რომ მისი მუსიკა არ შეიგრძნო.

-ბოლო კითხვისთვის რომ გვითხრათ, რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობას.

-არ ვიცი, საიდან დავიწყო. გაიცანით ხალხი ასეთ, ან, აი, თბილისში რომ გქონდათ, ეგეთ ღონისძიებებზე. იმუშავეთ თქვენ ხელოვნებაზე და მუსიკაზე. არ გაიფანტოთ პოპულარული ჟანრის შეჩვევით და არ დააკოპიროთ სხვები. ყველას აქვს საინტერესო მუსიკა შიგნით, მაგრამ ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო მის გადმოსაცემად. მე ჯერ კიდევ ვმუშაობ ჩემ თავზე, რომ ეს ბოლომდე შევძლო. გაწირეთ თქვენი თავი მუსიკისთვის და თუ თამაშებისთვის გინდათ გააფორმოთ, მაშინ თამაშებისთვისაც გაწირეთ თავი.

-მადლობა ინტერვიუსთვის და იმედია, ჩვენი შემდეგი შეხვედრა უკვე თბილისში იქნება.