ინტერვიუ Divinity: Original Sin 2-ის კომპოზიტორთან, Borislav Slavov-თან

ინტერვიუ Divinity: Original Sin 2-ის კომპოზიტორთან, Borislav Slavov-თან

103 ნახვები

Digital Dragons-ზე ყოფნისას ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ რამოდენიმე საინტერესო პიროვნებასთან. ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ ჩავწერეთ ბორისლავ სლავოვთან, ბულგარელ კომპოზიტორთან, რომლის ნამუშევრების სიაში შედის Divinity: Original Sin 2, Crysis 2, Crysis 3, Ryse: Son of Rome, Gothic 3 და სხვა. ამ პოსტში, ჩვენ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ამ მშვენიერ ადამიანთან:

-გამარჯობა, ბორისლავ, სასიამოვნო არის თქვენი გაცნობა.

-ჩემთვისაც.

-ხომ არ მოგვიყვებით რაიმეს თქვენს ნამუშევრებზე? მაგალითად, დივინითი ორიჯინალ სინზე? გვითხარით, როგორი გრძნობაა ასეთ პროექტებზე მუშაობა.

-ოუ, ეს ნამდვილად ოცნების ასრულებაა. ეს იყო უზარმაზარი და კარგი გამოცდილება, რომლითაც ძალიან ვისიამოვნე. მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ დივინითის თამაშებს. ჯერ კიდევ 2002 წლის დივაინ დივინითიდან მოყოლებული და ლარიან სტუდიოს დიდი ფანიც ვარ. და როდესაც მე მომეცა შანსი და მოწვევა მათგან, რომ ლეგენდარული კომპოზიტორის – კირილ პოკროვსკის საქმე გამეგრძელებინა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, მე მივხვდი, რომ ჩემი ოცნება რეალობა ხდებოდა. შესაბამისად, მე მივიღე უნიკალური შანსი ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში, რომ გავმხდარიყავი ლარიან სტუდიოსის ოჯახის წევრი. პირველივე პროექტი, რომელზეც მუშაობა მომიწია, იყო ორიჯინალ სინ 2, რომელიც, როგორც იცით, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა.

-იგი ნამდვილად არის 2017 წლის თამაში, რომელმაც დამსახურებულად მიიღო ჯილდოები და ჰპოვა მსოფლიო აღიარება. რამდენად რთული იყო მუსიკალური გაფორმება?

-ეს ნამდვილად რთული იყო. ალბათ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთულიც კი. დივინითის სამყარო კარგადაა ცნობილი თავისი მუსიკალური გაფორმების გამო. კირილ პოკროვსკი ნამდვილად ლეგენდარული კომპოზიტორი იყო და ჩემთვის მართლაც ძალიან რთული იყო, რომ მისი საქმე კარგად გამეგრძელებინა. დასაწყისშივე მომიწია რამდენიმე დიდი არჩევნის გაკეთება ორი მიზნის მისაღწევად: პირველ რიგში, მინდოდა ფრენჩაიზის მუსიკალური ტონის ერთგული დავრჩენილიყავი, მაგრამ ამავდროულად, ერთი ნაბიჯის მომავლისკენ გადადგმა მინდოდა. ამიტომ მე მივიღე გამოწვევა და გადავწყვიტე კირილის მუსიკისავით ფერადი, საინტერესო და უნიკალური დამეწერა, მაგრამ ამავდროულად, ჩემ თავთან მართალი დავრჩენილიყავი და რაიმე ახალიც დამემატებინა, რადგან მე მჯერა, რომ თუ შექმნის პროცესისგან სიამოვნებას ვერ იღებ, ამას ვერც შენი აუდიენცია და მოთამაშეები მიიღებენ. ეს იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც მე გადავლახე და ახლა, როდესაც თამაში უკვე გამოსულია და ხალხს იგი მოეწონა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდა.

-მადლობა პასუხისთვის. თვითონ მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც მუშაობა მოგიწიათ, როგორები იყვნენ? იყო თუ არა რაიმე პრობლემები? და რა არაორთოდოქსული ინსტრუმენტები და ტექნიკები გამოიყენეთ?

-ეს ძალიან კარგი კითხვაა. როგორც იცით, Original Sin 2-ს აქვს უნიკალური მუსიკალური მახასიათებელი, ანუ თქვენ შეგიძლიათ პერსონაჟის შექმნისას 4 ინსტრუმენტიდან ერთერთი აირჩიოთ. მე ამ იდეით და მოცემული არჩევნებით ძალიან ვამაყობ. პირველია ბანსური – ინდური სალამურისნაირი ინსტრუმენტი; მეორეს ქვია უთი, რომელიც აღმოსავლური, სიმებიანი ინსტრუმენტია; მესამე ტამბურაა. ესეც სიმებიანი ინსტრუმენტი ბალკანეთიდან, ჩემი სამშობლოდან; და მეოთხეა კლასიკური და ელეგანტური ჩელო.

ამ ინსტრუმენტების და არჩევნის იდეა ის არის, რომ ამაზეა დამოკიდებული პერსონაჟისა და სიუჟეტის ტონი, რომელიც მთელი თამაშისას გადმოიცემა და უნიკალურია თითოეული ინსტრუმენტისთვის. ხოლო მუსიკოსებს რაც შეეხება, რა თმა უნდა, მომიწია ისეთი მუსიკოსების პოვნა, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და მზად იყვნენ ბოლომდე დახარჯულიყვნენ. მე მჯერა, რომ რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს მუსიკოსის ციფრული ბიბლიოთეკა, ლაივ პერფორმანსს ვერ გაუტოლდება. სულ სხვა არის, როდესაც ლაივში წერ და ყველა შენ მუსიკოსს პირადად იცნობ. შედეგად, ისინი უნიკალურ ფერს და ღირებულებას აძლევენ მუსიკას, რასაც საუკეთესო ბიბლიოთეკებშიც ვერ იპოვით. რაც შეეხება თქვენ პირველ კითხვას, მე მქონდა პატივი მემუშავა ძალიან ბევრ ნიჭიერ პიროვნებასთან, რომლებმაც ორიჯინ ინსტრუმენტების ნაწილი შეასრულეს და ასევე, რა თქმა უნდა, მთავარ ორკესტრთან, რომელთან ერთადაც ბუდაპეშტში ჩავწერეთ რამდენიმე ძალიან სასიამოვნო მუსიკა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ მრავალფეროვანი გაფორმება, რომელმაც გააერთიანა ეთნიკური და კლასიკური ინსტრუმენტები, ორკერსტრული შესრულება და ლამაზი სიმღერები.

-ასევე მინდოდა მეკითხა თქვენს წარსულ შემოქმედებებზე. როგორც მახსოვს, Crysis და Gothic ფრენჩაიზზე მუშაობდით და როგორი იყო ამ თამაშებზე მუშაობა?

-Crysis 2-ს მჯერა, რომ ლეგენდარული მუსიკალური გაფორმება ჰქონდა და ასევე შანსი მქონდა გოტიკა 3-ზე მუშაობისას რამდენიმე არაჩვეულებრივ პირთან მეთანამშრომლა, მაგალითად გოტიკის ფრენჩაიზის კომპოზიტორ და ჩემ დიდი ხნის მეგობარ კაი როზენკრანცთან, რომელიც ძალიან კეთილი ადამიანი და შესანიშნავი კომპოზიტორია.

ალბათ გოტიკა ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი არის, რომელმაც მთლიანად გახსნა ჩემი სიყვარული ფენტეზი მუსიკისადმი. კრაიზისზე მუშაობისას კი შანსი მომეცა მემუშავა მძაფრ და ექშენით სავსე თამაშებზე, როგორებიცაა Crysis-ის სერია და შემდეგ რაიზი. ამ ყველაფერმა შემაქმნევინა საძირკველი, რომელმაც შემდეგ განავითარა ჩემში კომპოზიტორული ნიჭი, რომელიც ახლა გამაჩნია და საბოლოოდ შემაქმნევინა ჩემი კარიერის საუკეთესო ნამუშევარი, Original Sin 2-ის საუნდტრეკის სახით.

-მინდოდა მეკითხა, საერთოდ, როგორ დაიწყეთ გეიმინგ ინდუსტრიაში მუშაობა. რამდენად რთული იყო ფეხის მოკიდება ამ საქმეში?

-ეს ნამდვილად გრძელი პროცესი იყო, რომელიც წლები გაგრძელდა. მე მჯერა, რომ თუ გინდა გააკეთო ის, რაც ნამდვილად გიყვარს, აუცილებლად მდგრადად უნდა იყო განწყობილი, მოთმინების უნარი გქონდეს და არასოდეს არ უნდა დანებდე. თუ ამას შეძლებ, კი, უბრალოდ დროის და ცოტა გამართლების საკითხიღა რჩება. პირადად მე დავიწყე პატარა, ინდი დეველოპერებთან მუშაობით, მივიღე საჭირო გამოცდილება და მოვიპოვე რეპუტაცია, რითიც შემდეგ დიდ პროექტებზე გადასვლა შევძელი. არ უნდა იჯდე და დაელოდო, სანამ ვინმე მოვა, მხარზე ხელს დაგადებს და გეტყვის: ვა, მოდი, ამ მაგარ პროექტს შემოუერთდიო. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და შენ სიყვარულზე ამ საკითხის მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი დამჭირდა ჩემი ოცნების მისაღწევად, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სიყვარული ვიდეო თამაშებისა და მუსიკისადმი არასდროს არ მიმიტოვებია. და ესაა ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც ვდაგავარ აქ ახლა და გელაპარაკები.

-და თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არიან კარგი კომპოზიტორები და რომელ თამაშებს აქვს კარგი მუსიკალური გაფორმებები?

-ძალიან საინტერესო კითხვაა. მხოლოდ ერთის სახელის თქმა რომ მიწევდეს, ვიტყოდი ჯერემი სოულს. მე ძალიან მიყვარს ელდერ სკროლსის მუსიკა, ძალიან ბევრჯერ დამიკრავს კიდეც და რა თქმა უნდა, მომისმენია ბევრჯერაც. თვითონ კირილ პოკროვსკი ძალიან დიდი ფანიც ვარ და როდესაც გავიგე, რომ მან დაგვტოვა, ძალიან დავმწუხრდი. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც არ ვცდილობდი ლარიან სტუდიოსში მოხვედრას, იყო ის, რომ ვთვლი, იგი იმდენად კარგი იყო, რომ ჩემ მისვლას აზრი არ ჰქონდა. მან ყველა დივინითის ფანი გაგვაბედნიერა და სადაც დივინითი იყო ნახსენები, ყველა მის მუსიკაზე იწყებდა საუბარს. ამიტომ ეს ორნი არიან ჩემი საყვარელი კომპოზიტორები.

-აუცილებლად უნდა გკითხოთ, ქართული ხალხური მუსიკისთვის თუ მოგისმენიათ?

-თუ არ ვცდები, კი, მაგრამ აქამდე ქართველ მუსიკოსებთან არ მიმუშავია და იმედია, ვიმუშავებ კიდეც, რადგან ახალი პროექტის დაწყებისას მოგზაურობა მიყვარს და ახალი ფოლკლორის, კულტურის და ინსტრუმენტების აღმოჩენა. საქართველო კი იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ჯერ კიდევ არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო. რამდენიმე წლის წინ მეგობრებთან წასვლასაც კი ვგეგმავდი. შეიძლება უკვე შემდეგ პროექტი იყოს შესანიშნავი მიზეზი იმისა, გავიცნო ქართველი მუსიკოსები და იქაური ფოლკლორული ელემენტები ჩემს მომავალ კომპოზიციებში ჩავრთო.

-მგონი შეგვიძლია ამაში რომ დაგეხმაროთ

-კი, მეც ეგ მაინტერესებდა. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ კარგ მუსიკოსებს გამაცნობთ, რადგან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მუსიკოსისთვის მისი სულის და პროექტისადმი შიდა სიყვარულის გადმოცემის უნარია. ამიტომ თუ იცით ვინმე, ვინც ჩემს ვნებას იზიარებს, გთხოვთ დამაკავშიროთ მათთან.

-კი, აუცილებლად დაგაკავშირებთ. ბოლო კითხვა, რაც მინდა გკითხოთ, არის, თუ რას ურჩევდით იმ ხალხს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ ამ ინდუსტრიაში შემოსვლას, იქნება ეს კომპოზიტორი თუ უბრალო მუსიკოსი.

-არამგონია, კარგი რჩევის მოცემა შემეძლოს, თუ ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე არ ვსაუბრობთ, რადგან მე ჩემს თავს ექსკლუზიურად ვიდეო თამაშების კომპოზიტორად ვთვლი. პირველ რიგში, დამწყებებს ვურჩევდი ინდი დეველოპერებს დაეკონტაქტონ და გაიცნონ. შესთავაზეთ მათ თქვენი ტალანტი და ფინანსები პირველ პრიორიტეტად არ დაიყენოთ, რადგან პირველ რიგში თქვენი თავი უნდა განავითაროთ და პროფესიონალური პორტფოლიო შეიქმნათ. ინდი დეველოპერებთან მუშაობით თქვენ პროცესს მათთან ერთად შეისწავლით და ერთად განვითარდებით. ბოლოს კი, იმედია, ერთადაც მიაღწევთ წარმატებას. ასე თქვენ პროდუქციის მთლიან ციკლს ისწავლით, აღმოაჩენთ სხვადასხვა დეტალებს ვიდეო თამაშების კომპოზიტორობაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპოზიტორს საერთო აქვს, ვიდეო თამაშებისას სხვა დაბრკოლებების გადალახვა უწევს.

ეს ყველაფერი 2 ყველაზე მნიშვნელოვან რამეს მოგცემთ: გამოცდილებას და შანსს, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა და მეორე ტურში გადახვიდეთ.

-მადლობა ინტერვიუსთვის და იმედია თქვენს კიდევ ბევრ ნამუშევარს ვიხილავთ.

-მე კიდევ იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ჩემი ნამუშევრები. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და ველი ქართველებთან ერთად მუშაობას.