გამოქვეყნდა საშინელებათა ჟანრის თამაშის Signalis-ის სადებიუტო ტრეილერი

34 ნახვები

გერმანულმა დამოუკიდებელმა სტუდია Rose-Engine-მა საშინელებათა ჟანრის თამაშის Signalis-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. თამაშზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და დღემდე თამაშის კონცეფცია და დიზაინი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

შემქმნელების შთაგონების წყაროდ იქცა ჟანრის ორი კლასიკა, Resident Evil და Silent Hill. თამაში გვთავაზობს დაძაბულ ატმოსფეროს და მრავალმხრივ საინტერესო სიუჟეტს.

თამაშის მოვლენები ვითარდება თოვლით დაფარულ გაყინულ პლანეტაზე, სახელად ელისტერზე. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა გოგონა. მისი საფრენი ხომალდი კატასტროფის შედეგად ვარდება აღნიშნულ პლანეტაზე. გოგონა იწყებს ეკიპაჟის გადარჩენილი წევრების ძიებას, რა დროსაც პოულობს მიწისქვეშა მიტოვებულ ბანაკს, სადაც იგი სიურეალისტური კოსმოსური მონსტრებისა და წარსულის საშინელი მოგონებების გარემოცვაში აღმოჩნდება, აქ კი რთულია რეალობისა და წარმოსახვის ერთმანეთისაგან გარჩევა. საშინელი არსებები საკმაოდ ძლიერები არიან, ხოლო საბრძოლო შეიარაღება კი მცირე. იმისათვის, რომ გადარჩეთ თქვენ მოგიწევთ საშინელ მონსტრებთან დაპირისპირება, რთული თავსატეხების ამოხსნა და რადიოსიგნალების გაშიფვრა.

 

შემქმნელები 2018 წლის შემოდგომით თამაშის Kickstarter-ზე წარდგენას აპირებენ, რათა პროექტის დასასრულებლად საჭირო თანხები მოიძიონ. მანამდე კი თამაშის ახალი ტრეილერზე მუშაობას განაგრძობენ.